Skip to content

მეფე რომელმაც პირველმა შეძლო ქვეყნის გაერთიანება

February 14, 2011

ბაგრატი იყო გურგენ მეფის და გურანდუხტ დედოფლის შვილი, აფხაზთა მეფის, თეოდოსის დის შვილი, ტაოს  მეფის, დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. როდესაც ბაგრატი პირველ ნაბიჯებს დგამდა პოლიტიკურ ასპარეზზე იმ დროს ქართული სამეფოები ძალზედ დასუსტებულები იყო და შეიქმნა სიტუაცია და მომენტი როდესაც საჭირო გახდა სამეფოების გაერთიანება და ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში მოქცევა.

975 წელს დავით III ქართლის ერისთავის, იოანე მარუშისძის დახმარებით დაეუფლა ქართლს და აქ გააბატონა თავისი შვილობილი ბაგრატ III, რადგან ბაგრატი მცირეწლოვანი იყო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა. აფხაზთა მეფეს, თეოდოსს, შვილი არ ჰყავდა, უშვილო იყო დავით III-ც. ამრიგად, ბაგრატ III დედით დასავლეთ საქართველოსა და ქართლის, ხოლო მამითა და მამობილით სამხრეთ საქართველოს მემკვიდრე გახდა.

ამ სიტუაციებიდან გამომდინარე ბაგრატი თავისთავად შეიქმნა მომავალი გაერთიანებული საქართველოს მეფედ მაგრამ ფეოდალები არ ანებებდნენ ქვეყნის გაერთრინებას ბაგრატს მესამეს და მის მოკავშირეებს.

ბაგრატის უმთავრესი მიზანი ქვეყნის გაერთიანება იყო. ამის მოწინააღმდეგე ქართლის თავადებმა კახეთის სამეფოს ლაშქარი მოიშველიეს და ბაგრატ III-ის დედ-მამა შეიპყრეს. დავით III-მ ფეოდალთა ეს გამოსვლა აღკვეთა. შემდეგ უკვე ბაგრატმა დაამარცხა ქართლის თავადთა აჯანყება, ქავთარ ტბელის მეთაურობით, კლდეკარის ერისთავი რატი რატის ძე ბაღვაში და კლდეკარის საერისთავოც შემოიერთა.

1001 წელს გარდაიცვალა დავით III და მისი სამეფოს უდიდესი ნაწილი ტაოში ბიზანტიის იმპერატორმა ბასილ II-მ დაიკავა. ბაგრატის ცდა, დაებრუნებინა ეს ტერიტორია, უშედეგოდ დამთავრდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მან შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერ ტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი და კახეთ-ჰერეთი. იმ დროიდან ბაგრატ III აფხაზთა და ქართველთა მეფედ იწოდებოდა. საქართველოს გარეთ რჩებოდა თბილისის საამირო და იმიერ ტაო. მეფობის ბოლო წლებში ბაგრატმა აიძულა რანის(არანის) მფლობელი ფადლონი ყოველწლიური ხარკი ეხადა და საქართველოს მტერთა წინააღმდეგ ლაშქრობაში მიეღო მონაწილეობა. გაერთიანების განმტკიცებისათვის მეფე ზოგჯერ უკიდურეს ზომებსაც მიმართავდა  თავისი ნათესავები, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი მიიწვია ფანასკერტში, შეიპყრო და ციხეში დაამწყვდია.

ბაგრატ III ენერგიული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო, მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოს ფეოდალურ მონარქიას. მის დროს აიგო ქართული არქიტექტურის ცნობილი ძეგლები ბედიის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, ნიკორწმინდა. გარდაიცვალა ტაოში, ფანასკერტის ციხესიმაგრეში. დაკრძალულია ბედიაში.

Leave a Comment

Leave a comment